თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფე აბდალა მეორეს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის „ოქროს საწმისის ორდენი“ გადასცა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში გაემგზავრა, სადაც საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის გადაცემის შესახებ გახდა ცნობილი 19 იანვარს, როდესაც მართლმადიდებელი სამყარო უფლის ნათლისღებას აღნიშნავს.
„ჩემთვის დიდი პატივია პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უდიდესი საჩუქარი და სიხარული მთელი ერისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა მეფესთან შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი ვიზიტი იორდანიაში კარგი შესაძლებლობა ორმხრივი ურთიერთობისა და სამომავლო განვითარების განსახილველად.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი და იორდანელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო და იორდანია კავშირების გაღრმავების ახალ ეტაპზე არიან.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთის საკითხების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეფე აბდალას პირად როლს და არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა მეორეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.
იორდანიის მეფე აბდალა მეორის და პრინც ღაზის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ამ ადგილზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
წყარო - მთავრობის პრესსამსახური.