„ბორჯომის“ ქარხნებში დასაქმებულები უვადო გაფიცვას აანონსებენ

კომპანიამ მუშაობა თითქმის ერთი თვის წინ შეაჩერა
Sputnik
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. კომპანია „ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებულებმა 31 მაისს უვადო, სრულმასშტაბიანი გაფიცვა დააანონსეს.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად 49 ადამიანი გაათავისუფლეს. შეხვედრა ხელმძღვანელობასთან დღემდე არ გამართულა.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები 6 პუნქტისგან შედგება:
უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების დაუყოვნებლივ აღდგენა სამსახურში;
ხელფასების დარიცხვა;
ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება;
გაფორმდეს უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის;
შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტები აღმოიფხვრას და მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს;
გაფორმდეს კოლექტიური შეთანხმება და მოხდეს სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე შეთანხმება, რომლებიც მნიშვნელოვანია ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის.
კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. მთავრობა თავის გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე გამოაცხადებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მინერალური წყალი „ბორჯომი“ იარსებებს და კომპანიას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.