სროლა ვაკეში - პოლიცია კილერებს ეძებს

პოლიციამ ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, გამოკითხა მოწმეები.
Sputnik
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაკეში პარასკევს მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
არაყიშვილის ქუჩაზე ორმა ნიღბიანმა პირმა, რომლებიც მოპედით გადაადგილდებოდნენ, დაახლოებით ათი ტყვია ესროლეს მანქანიდან გადმოსულ გიორგი კაჭკაჭიშვილსა და სერგი ქურთიაშვილს. ისინი ფეხების არეში არიან დაჭრილები.
დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ქურთიაშვილი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს. კაჭკაჭიშვილს ოპერაცია დასჭირდა და ის ამ დრომდე საავადმყოფოშია. ექიმები პაციენტის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, გამოიკითხა მოწმეები.
თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. ტელეკომპანია „ტვ პირველი“ ვარაუდობს, რომ პოლიციას თავდამსხმელების ვინაობა ჯერ არ დაუდგენია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.