თბილისი, 28 მაისი — Sputnik. მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
შემთხვევა ჯვრის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. მანქანაში სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ხუთმა მათგანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ერთი კი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხი მათგანი მცხეთის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, ერთი კი თბილისში, კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.
როგორც „ვივამედში“ აცხადებენ, დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება.
შსს-ში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „ფორმულა“.