თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
შეკრებილებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ადგილობრივების განცხადებით, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ, რადგან ქარხნის გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს.
ქარხნის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხს კომპლექსური შესწავლა სჭირდება, რის შემდეგაც მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, გუშინ, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რამაც მოსახლეობაში შიში და მღელვარება გამოიწვია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გარემოს ზედამხედველობის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის მერი არის უშუალოდ კომუნიკაციაში როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე ქარხნის ხელმძღვანელობასთან.
„ვითხოვთ განსახლებას ან საწარმოს გაჩერებას, სხვა შემთხვევაში ჩვენი აქციები ისევ გაგრძელდება. გუშინ მოხდა აფეთქება, რაც ხშირად მეორდება. გარდა იმისა, რომ გვაწუხებს კვამლი, გაზის სუნი, ჰაერის დაბინძურება, დიდი ხმაურიცაა, რაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გუშინ აუფეთქდათ ჟანგბადის ბალონი და არა პატარა ბალონი, როგორც თავად ამბობენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლელა გაბისონიამ.
აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
მეტალურგიულ ქარხანაში პარასკევს მომხდარი აფეთქების შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის კედლები დაზიანდა.
წყარო - „პირველი არხი“.