თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში ძლიერი ქარისა და წვიმების შედეგად კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 11 საჯარო სკოლაში დაზიანდა სახურავი.
გადახურვით სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
„სააგენტომ ოპტიმალურად მოკლე დროში განახორციელა არსებული სიტუაციის სრული ანალიზი და დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროცესს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, მიმდინარე სამუშაოები საქართველოში არსებული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით მიმდინარეობს.
სკოლების გადახურვის პროცესი მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს.