თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში კანადიდან მედია პროექტ Take your seat-ის („დაიკავეთ თქვენი ადგილი“) ფოტოგრაფებს უმასპინძლეს. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეს-ტური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კანადაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა.
ტურში მონაწილე ფოტოგრაფებმა მცხეთა, სტეფანწმინდა, გუდაური, ქუთაისი, ზუგდიდი, მესტია, უშგული, ბათუმი, ახალციხე, ვარძია, უდე, ასპინძა, ჭობარეთი, წალკა, წინანდალი, სიღნაღი და თელავი მოინახულეს. გადაიღეს ტურისტულად საინტერესო ადგილები.
უცხოელი ტურისტები, მოგზაურები საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ფოტო ალბომს Take your seat-ის ვებ-გვერდზე გაეცნობიან, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია კანადაში.
„ჩვენი მიზანია მსოფლიო მასშტაბით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ის ღირებულებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად უნდა მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
როგორც ტურის მონაწილე ფოტოგრაფმა, რენდი ვანდერსტარენმა აღნიშნა, საქართველომ მათი ყურადღება მიიპყრო, ვინაიდან ის გამორჩეულია თავისი კულტურითა და ტუმარმასპინძლობით.
„ინტერნეტით საქართველოს შესახებ ძალიან მაღალი წარმოდგენა შეგვექმნა, თუმცა მას შემდეგ რაც მოვინახულეთ საქართველოს მხარეები და გავიცანით ხალხი, დავრწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გამორჩეულია კულტურით, სტუმარმასპინძლობითა და სითბოთი“, - ამბობს ვანდერსტარენი.
საქართველოში გადაღებული ფოტომასალა ქართულ-კანადურ ფოტოალბომისთვის დაიბეჭდება, რომლის გამოცემაც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება.
Take your seat საერთაშორისო პროექტია, რომელიც უკვე 14 ქვეყანაში განხორციელდა.