გარდაბანში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ერთი პირი

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტი 26 მაისს მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რ.მ.-მ თანნაქონი დანით ი.კ.-ს სხეულზე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდგომ, ი.კ.-მ შურისძიების მოტივით, კუთვნილი ავტომანქანიდან დანა ამოიღო, რ.მ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი რ.მ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციამ ი.კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური.