წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია საქართველოში წლის ბოლომდე გაიხსნება

ამჟამად საქართველო წამლების ხარისხის შესამოწმებლად ევროპულ ლაბორატორიებს მიმართავს.
Sputnik
წამლის ხარისხის კონტროლის პირველი თანამედროვე ლაბორატორია საქართველოში 2022 წლის ბოლომდე გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ლაბორატორიაში მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს.
ამ დროისათვის ლაბორატორიის შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება.
სარემონტო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კახა შალიკაძემ დაათვალიერეს.
წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია
ამჟამად საქართველო წამლების ხარისხის შესამოწმებლად ევროპულ ლაბორატორიებს მიმართავს, ეს კი დიდ დროსა და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ლაბორატორიის შექმნის აუცილებლობა.
საქართველომ GMP/GDP სისტემების დანერგვა 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, რითაც ქვეყანა აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.