თბილისი, 27 მაისი – Sputnik. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა – ექიმებმა და მძღოლებმა ხელფასების მომატებისა და ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
მედიკოსები და პროფკავშირების წარმომადგენლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელფასების 100%-ით გაზრდა მოითხოვეს.
სასწრაფო დახმარების სისტემის თანამშრომლების თქმით, ისინი თვეზე მეტია აღარ იღებენ დანამატს, რომელიც მათ სახელმწიფოსგან კოვიდ-პროგრამის ფარგლებში ერიცხებოდათ. მათი თქმით, გამოძახებების რაოდენობა არ შემცირებულა, ამიტომაც ხელფასზე დანამატის გაუქმება უსამართლო გადაწყვეტილებაა.
აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მათი მოთხოვნების თაობაზე განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის უწყებას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს გადაეგზავნება.
მათი თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მოთხოვნებზე უარის მიღების შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება. შემდეგი აქცია მედიკოსებმა 1 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან დააანონსეს.
დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადება, თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმაც გაავრცელა.
უწყების განმარტებით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდ-პანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.
„ხაზგასასმელია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდ-პანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები (თვეში 192 საათიდან 156 საათამდე), თუმცა ამის გამო ხელფასი არ დააკლდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1200-დან 2000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2000 ლარს, ექიმის 1700-ს, ექთნის 1300-ს, მძღოლის კი 1200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). მათ, ისევე, როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს, თანამშრომლებთან შეხვედრები გამართოს სამუშაო ფორმატში.