რატომ მყარდება ლარი და რა ნიშნულს უმიზნებს ეროვნული ვალუტა?

ლარის სამაისო თავგადასავალი... ეროვნული ვალუტა პოზიციებს იმყარებს, ლარის კურსი COVID-19-ის პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს დაუბრუნდა. რამ განაპირობა ეს პროცესი და როგორია პერსპექტივა მოკლევადიან პერიოდში?
Sputnik
სამსონ ხონელი
საკამათო არ არის, ვარდობისთვე ეროვნული ვალუტისთვის ძალზე წარმატებული გამოდგა. მაისის დასასრულამდე სამიოდე დღე კიდევ დარჩა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სავალუტო ბაზარზე რაიმე ისეთი მოხდეს, რაც წინამდებარე სტატიის პირველ სენტენციას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
მეტიც, არის მოლოდინი, რომ ლარი უცხოური ვალუტის მიმართ პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს. თუმცა გთავაზობთ, ვიდრე ეროვნული ვალუტის კურსის მომავალს განვჭვრეტთ, ლარის უახლოესი წარსული და აწმყო შევაფასოთ. თანმიმდევრულად მივყვეთ.
მიმდინარე წლის 11 მაისიდან მოყოლებული, აგერ უკვე ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად მყარდება. კაცმა რომ თქვას, ლარის აღმასვლის ტემპიც კარგია – 15 თეთრი ბოლო ორ კვირაში ურიგო შედეგი არ არის.
გამყარების პროცესი ვერც ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებულმა ინტერვენციამ შეაფერხა, როდესაც კობა გვენეტაძის უწყებამ 10 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა. როგორც საბანკო სექტორის მარეგულირებელ სტრუქტურაში განმარტეს, ინტერვენციის მიზანი ეროვნული ვალუტის გამყარების ხელოვნურად შეჩერება არც ყოფილა, უწყებამ სავალუტო რეზერვების შევსებაზე იზრუნა.
აქვე მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 7 ივნისის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი შეისყიდა. 2019 წლის მეორე ნახევარსა და 2020-2021 წლებში უწყება ლარის დასტაბილურების მიზნით დოლარს მხოლოდ ყიდდა.
საინტერესოა, როგორი იყო კობა გვენეტაძის უწყების მიერ აღნიშნულ პერიოდში სავალუტო აუქციონზე ინტერვენციის დინამიკა? მარტივ კითხვაზე პასუხი მაქსიმალური სიზუსტით წარმოაჩენს, როგორი იყო ლარის თავგადასავალი დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში.
მოგეხსენებათ, ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოდან დაიწყო და უკვე მომდევნო წლის იანვარში დოლარის მიმართ 2,0-იან ნიშნულს გასცდა. კიდევ რამდენიმე თვეში ლარმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა, როდესაც ერთი დოლარის ღირებულება 2,58 ლარს გაუტოლდა.
სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს და ლარის ბოლო შვიდი წლის არცთუ სასახელო ისტორიის თხრობით არ დაგღალოთ, მოკლედ ვიტყვი, ჩემ მიერ შერჩეულ საანგარიშო პერიოდს ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურებული შეხვდა. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიანიშნებს, რომ ლარის ძველ და ახალ გამოწვევებს შორის წყალგამყოფი 2019-2020 წლები აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სავალუტო აუქციონზე კობა გვენეტაძის უწყების პოლიტიკის ცვლილებაც.
შეგახსენებთ, 2019 წლის პირველ ექვს თვეში ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ტრენდი შეინარჩუნა, ის ერთ დოლართან მიმართებით 2,67–2,77 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 160 მილიონი დოლარი შეიძინა. წლის მესამე კვარტალში კი გაუფასურების ტემპმა მოიმატა, ბოლო სამ თვეში ლარი დოლართან მიმართებით 3,0-იან ნიშნულსაც მიუახლოვდა. კობა გვენეტაძის უწყებამაც არ დააყოვნა, ლარის გაუფასურების ტემპის შესაჩერებლად წლის ბოლოს გამართულ სამ სავალუტო აუქციონზე ჯამურად 92,8 მილიონი დოლარი იყიდა, რამაც ეროვნული ვალუტის მიერ მორიგი ანტირეკორდის მოხსნა დროებით გადაავადა.
მომდევნო წელმა ეროვნულ ვალუტას დამატებითი პრობლემები მოუტანა. 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. იმ დღეს ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,87 ლარი იყო. ათ დღეში ქვეყანამ ცხოვრება „ლოკდაუნის“ პირობებში დაიწყო, თუმცა მანამდე, 17 მარტს ლარმა პირველად არსებობის ისტორიაში დოლართან მიმართებაში 3,0-იანი ნიშნული გაარღვია, 27 მარტს კი დოლარის ფასმა უკვე 3,48 ლარს გადააჭარბა, რაც დღემდე რეკორდულ მაჩვენებლად რჩება.
ივნისში ერთი კვირის ვადით ეროვნული ვალუტის კურსი 3,0-იან ნიშნულს ჩამოსცდა, მაგრამ კალენდარული წლის ბოლოს ერთი დოლარი 3,27 ლარს ფასობდა. 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონზე ბაზარს ჯამურად 873,2 მილიონი დოლარი მიაწოდა. საფინანსო სფეროს ექსპერტების შეფასებით, სავალუტო ბაზარზე კობა გვენეტაძის უწყების აქტიური ჩარევა რომ არა, 2020 წლის მეორე კვარტლის დასასწყისში დოლარის მიმართ ლარის კურსი 4,0-იან ნიშნულსაც გასცდებოდა.
გასული წლის პირველ კვარტალში სავალუტო ბაზარზე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებისა და ეროვნული ვალუტის მიერ ახალი ანტირეკორდის მოხსნის მოლოდინი არსებობდა. ასეც მოხდა, მარტში ერთი დოლარი 3,40 ლარი ღირდა, აპრილში კი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსმა 3,45 ლარს გადააჭარბა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქვეყანაში „ლოკდაუნი“ დასრულდა. დაიწყო ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა.
შედეგად – წლის პირველი კვარტლის მიწურულს ქვეყანამ ეკონომიკურ რეცესიას თავი დააღწია. მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა, აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 44,8 პროცენტს გაუტოლდა. გასულ წელს უცხოეთიდან ფულადი გზავნილების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, საგარეო ვაჭრობაში იმპორტის ზრდის ხარჯზე შემცირდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა ტურიზმის სექტორმა.
რა თქმა უნდა, ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ძვრები ლარის კურსსა და სტაბილურობაზეც აისახა. წლის ბოლოს დოლარი უკვე 3,09 ლარი ღირდა. ამიტომაც, 2020 წლისგან განსხვავებით, გასული წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს შედარებით ნაკლები – 332,9 მილიონი დოლარი მიაწოდა.
ეკონომიკური ვითარების თანდათანობითი გაჯანსაღების ვითარებაში ეროვნულმა ვალუტამ მიმდინარე წელიც გამყარებით დაიწყო. თებერვალში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,92-ის ნიშნულზე დაფიქსირდა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ პროცესი შეუქცევადად გაგრძელდებოდა და საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარი კიდევ უფრო გამყარდებოდა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებისთანავე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა და ორ კვირაში 3,40-ის ნიშნულამდე დაეცა.
სავალუტო ბაზარზე პოზიტიური მოლოდინები ნეგატიურმა გათვლებმა ჩაანაცვლა. არსებული შოკის დროულად გასანეიტრალებლად ეროვნულმა ბანკმა 9 მარტს აუქციონზე 50 მილიონი დოლარი გაიტანა, საიდანაც 39,57 მილიონი დოლარი გაიყიდა. ერთჯერადი ინტერვენცია სავალუტო ბაზარის დასამშვიდებლად საკმარისი აღმოჩნდა. მარტის თვის განმავლობაში ლარი დასტაბილურდა, აპრილსა და მაისის პირველ დეკადაში ეროვნული ვალუტა აიწონა-დაიწონას პრინციპით ხან უფასურდებოდა, ხანაც მყარდებოდა.
როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, მაისის მეორე დეკადის დასაწყისიდან მოყოლებული ლარი მხოლოდ მყარდება. დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი უკვე COVID-19-ის პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუტოლდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ის 2,86 ნიშნულზე შეხვდა, რაც ეროვნული ვალუტისთვის 2020 წლის 13 მარტის შემდეგ საუკეთესო შედეგია.
რატომ მყარდება ლარი? ანალიტიკოსთა შეფასებით, ეროვნული ვალუტის გამყარება ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების შედეგია. „თიბისი კაპიტალის“ ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებით, ლარის გამყარების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი საფუძველი ქვეყანაში სავალუტო შემოდინების ზრდა გახდა. მაისის თვის სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, აპრილში კი ფულადმა გზავნილებმა 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საგულისხმოა, რომ ფულადი გზავნილები, ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების ხარჯზე, მოსალოდნელზე ბევრად უფრო მეტად გაიზარდა.
კერძოდ, გასულ თვეში რუსეთიდან 133 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც საერთო ჩარიცხვების 43 პროცენტს შეადგენდა. რამ გამოიწვია რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. რა გაეწყობა, კითხვაზე საპასუხოდ „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას მოსაზრებას გთავაზობთ.
„რუსეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა. მათი გარკვეული ნაწილი შესაძლებელია, მიგრანტების ხარჯები იყოს, ანუ არარეზიდენტებისთვის გადმორიცხული თანხა, თუმცა ცალსახაა, რომ ფულადი შემოდინებები ძლიერია. ტურიზმს ვითვლით, როგორც სავალუტო შემოდინებებს. ასევე ფულად გზავნილებსაც ვუყურებთ როგორც სავალუტო შემოდინებას და თუ ხდება ისე, რომ მიგრანტს ჩაერიცხა გზავნილი, მისი აქ გაწეული ხარჯი ტურიზმის დანახარჯებშიც აისახება, შედეგად გამოდის, რომ ეს თანხა ამ ორივე მაჩვენებელში აისახა. ტურიზმის სექტორშიც შემოსავლების აღდგენა სწორედ ამან დააჩქარა“, − აცხადებს ოთარ ნადარაია.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, ტურისტულმა შემოსავლებმა მიგრაციის ეფექტის გარეშეც მოიმატა. მათი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ საგარეო შემოდინებები ძლიერია და საქართველოს საგარეო ბალანსი უმჯობესდება. ამავე დროს, ანალიტიკოსთა დიდი უმრავლესობა აცხადებს, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არა ეროვნული ვალუტის კურსი, არამედ ქვეყანაში არსებული ორნიშნა ინფლაციაა. მათი შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ძალზე მნიშვნელოვანია სწორედ ინფლაციის შემცირების კუთხით. როგორ აისახება ლარის მაისის თვის თავგადასავალი ამავე თვის ინფლაციის მაჩვენებელზე, ამას უახლოეს რამდენიმე დღეში შევიტყობთ, როდესაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური მორიგ მონაცემებს გამოაქვეყნებს.
და, ბოლოს, რამდენ ხანს გამყარდება ლარი? პროგნოზი უმადური საქმეა, მაგრამ ანალიტიკოსთა ვარაუდებს თუ გავიზიარებთ, მოკლევადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტა კვლავაც გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს, რისი მთავარი ფაქტორიც სავალუტო ბაზარზე დოლარის საკმარისზე მეტი ოდენობით მიწოდება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა...