ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
Sputnik
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, იუწყება ქართული მედია.
აფეთქების შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კედლები.
ფოთის მერიის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის ბალონმა გამოიწვია, თუმცა დეტალები ამ დროისათვის დაზუსტებული არ არის.
„ცეცხლი არ გაჩენილა, კვამლი რაც ჩანდა, ეს იყო საწარმოო მტვერი. შემთხვევით ღუმელში მოხვდა დაუჭრელი გაზის ბალონი, რომელიც ტემპერატურაზე აფეთქდა. როგორც წესი, ღუმელში დაჭრილი ჯართი იყრება, სამწუხაროდ, ეს ერთი ბალონი დაუჭრელი შეჰყოლია“, – განაცხადა ქარხნის დირექტორმა გიორგი ნანავამ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.