ილია დარჩიაშვილი: ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ

მინისტრმა აღნიშნა, რომ სტატუსის მონიჭება იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც კონსენსუსის პრინციპით მიიღებენ საქართველოს პარტნიორები.
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს.
ამის თაობაზე განცხადება საგარეო უწყების პირველმა პირმა პარლამენტში გააკეთა. დარჩიაშვილი ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების წინაშე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით წარდგა. კითხვები საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს ეხებოდა.

„მოცემულ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვან მხარდაჭერას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. ქვეყანამ უკვე შეავსო და ევროკავშირს მიაწოდა აუცილებელი კითხვარი. ახლა ევროკომისიამ საკუთარი შეფასება უნდა მოამზადოს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ყველა აუცილებელ პარამეტრს აკმაყოფილებს და მზად არის მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. უფრო მეტიც, იგი ამას ნამდვილად იმსახურებს, აღნიშნა მან.
„მსგავსი გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზადყოფნას – კარი გაუღოს ახალ წევრებს. ამასთან, წევრ ქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება აქვთ და ამის შესახებ ყველასთვის ცნობილია“, – დასძინა მან.
დარჩიაშვილის განცხადებით, კითხვარის შევსება ერთ-ერთი საწყისი ეტაპია და აუცილებელია, რომ იგი ყველამ გაფართოებულ კონტექსტში განიხილოს.
„საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში... რეფორმების გატარებით საქართველო არა მარტო უთანაბრდება, არამედ ბევრი მიმართულებით უსწრებს კიდეც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც წევრობის პროცესში არიან“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გარდა ამისა, თავად დარჩიაშვილმა გამართა შეხვედრები და სატელეფონო საუბრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან. მისი თქმით, ყველა საუბარი ოპტიმისტური იყო.

„შესაბამისად, ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს... ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი საქართელომდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.