თბილისი, 26 მაისი — Sputnik. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა ეპიფანემ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღვარ ბართლომე I-სა და ეკლესიების მეთაურებს მიმართა თხოვნით, ჩამოერთვას სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს ტახტი.
ეპიფანის განმარტებით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ხელს უწყობს „რუსული სამყაროს“ შესახებ ერეტიკულ ეთნოფილეტიკურ (ეროვნული ინტერესების უპირატესობა ეკლესიურ ინტერესებზე) დოქტრინის გავრცელებას, რომელიც „ქადაგებების ბრწყინვალე ფოფუდიაშია შეფუთული".
„შესაბამისად, კირილე გუნდიაევი <...> უნდა იყოს დაგმობილი, თუ იგი არ იტყვის უარს ამ ერესზე და არ გამოავლენს მონანიების ნაყოფს“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამასთან ეპიფანს მიაჩნია, რომ პატრიარქ კირილს განხეთქილება (სქიზმა) შეაქვს მართლმადიდებელთა შორის.
როგორც რუსული მედია წერს, კონსტანტინოპოლის პატრიარქს არ აქვს უფლებამოსილება, გადააყენოს პატრიარქი კირილი, ვინაიდან იგი მიიჩნევა არა მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურად, არამედ პირველად თანასწორთა შორის. გარდა ამისა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქმედებს ავტოკეფალიური ეკლესიების ერთმანეთისგან დამოუკიდებლობის პრინციპი.