ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.

„თქვენო აღმატებულებავ, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე მომავალს იმედიანად ვუყურებ“, – აღნიშნულია მილოცვის წერილში.

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.