ილჰამ ალიევმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს ეროვნული დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის 31-ე წლისთავს ზეიმობენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები, ჩვენი ერების მეგობრობა და სხვადასხვა სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას, მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის გზავნილში.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.