თაღლითობის ფაქტზე ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავეს

აღნიშნული პირი, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, თაღლითურად დაეუფლა ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილ 1.288.000 ლარს.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი სახელფასო ბაზების შევსებისას ხელფასის დასარიცხად უთითებდა თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათი სახელფასო ანგარიშის ნაცვლად – საკუთარ საბანკო ანგარიშს, აღნიშნული ქმედების შედეგად კი მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირიცხებოდა.
გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს. შედეგად – ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს, ერიცხებოდათ „შრომითი ანაზღაურება“.
ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ამ გზით თაღლითურად დაეუფლა ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილ 1.288.000 ლარს.
საქმეზე გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.