საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი საპარლამენტო ასამბლეის შექმნას გეგმავენ

ამ ქვეყნებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებაში, აღნიშნავენ ბაქოში.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი გეგმავენ აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო ასამბლეის შესაქმნელად სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეების ხელმძღვანელობით, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სამხარაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიურ შეხვედრაში.

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ვიმუშავებთ საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს ჩვენს საპარლამენტო კავშირებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

მისი თქმით, ეს იქნება სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ფორმატის მუშაობის შედეგი, თუმცა მოქმედი ფორმატიც პარალელურად გააგრძელებს მუშაობას.
ასე რომ, სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მორიგი ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
ღონისძიება სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ რეგიონში მიმდინარე გამოწვევები, სამმხრივი სტრატეგიული კავშირები და ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია რეგიონში მდგრადი განვითარების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.
„ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანის სტრატეგიული კავშირები არასდროს ყოფილა ასეთ მყარი. ჩვენ ამ ურთიერთობების შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავებაზე ვმუშაობთ, რამდენადაც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობასა და ერთობლივ ნაბიჯებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა სამხარაძემ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან.
როგორც აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებაში.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელნურ მამედოვთან, სადაც მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა რეგიონზე, საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანის სამომავლო ნაბიჯები ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების, ვაჭრობის გაზრდისა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.