მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წელს დაარსდა.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების დროს სრულად იქნება შენარჩუნებული და დაცული მუზეუმის ავთენტურობა. პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებას და სრულ ხელმისაწვდომობას სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთათვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობა და სამუზეუმო ფონდი, შესაბამისი წესისა და ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად, გადატანილია დაცულ ადგილზე – შესწავლა-დამუშავებისთვის.
სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წელს დაარსდა. მუზეუმი დაარსებიდან დღემდე ზანდუკელის ქუჩის N1-ში მდებარეობს, სადაც დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.