თბილისი, 25 მაისი – Sputnik. დღეისათვის მაიმუნის ყვავილის 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული 18 ქვეყანაში. ვირუსის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა. ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის – პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.
ბუწაშვილის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში პირველი შემთხვევები სამ ახალ ქვეყანაში – ჩეხეთში, სლოვენიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფიქსირდა. მხოლოდ გუშინ ბრიტანეთში 14 ახალი პაციენტი დაარეგისტრირეს და საერთო რაოდენობამ იქ 71 შეადგინა.
ასევე გერმანიამ შეუკვეთა 40 ათასი დოზა ჩვეულებრივი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ასევე ეფექტურია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ. აშშ-ში მილიონობით დოზის მარაგი შექმნეს.
„რამდენიმე დღის წინ FDA-მ ყვავილის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატის ინტრავენური ფორმა დაამტკიცა. ამ პრეპარატის პერორალური ფორმა რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად ინტრავენური ფორმა შეიქმნა იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეუძლია“, – დაწერა ინფექციონისტმა.
მისი ინფორმაციით, ადამიანთა ის ნაწილი, ვინც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით იყო აცრილი, მაღალი ალბათობით, იმუნურია მაიმუნის ყვავილის მიმართაც. 2019 წელს კი უშუალოდ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაც დარეგისტრირდა.
სპეციალისტებს აშფოთებთ ის ფაქტი, რომ თუ ადრე ინფექცია მხოლოდ აფრიკაში გვხვდებოდა, ახლა იგი აშშ-ის, კანადის, ევროპის ქვეყნებისა და ისრაელის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. აფრიკის გარეთ ერთეული შემთხვევები ადრეც გამოვლენილა, მაგრამ ისინი დაკავშირებული იყო ან აფრიკაში მოგზაურობასთან ან იქიდან ცხოველების იმპორტთან.
მაიმუნის ყვავილის გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები. ადამიანებს შორის ინფექცია ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ საგნებთან შეხებით ან ბიოლოგიურ სითხეებთან (ცრემლი, სისხლი, ოფლი, ნერწყვი) კონტაქტით.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.
ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის მჭიდრო კონტაქტის და სქესობრივი კავშირის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც). 1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
მაიმუნის ყვავილის დიაგნოსტიკა PCR–ტესტირების მეთოდით ხდება.