თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში 57 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა სოფელ ხცისში 21 მაისს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 34 წლის გიორგი ბლიაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ჯემალ პაპუაშვილს, რომელიც მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა.
გარდაცვლილი ბრალდებულის პაპის ახლო მეგობარი იყო.
როგორც დაკავებულის ბებია აცხადებს, მის შვილიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„გარდაცვლილი ჩემი მეუღლის მეგობარი იყო. ჩვენთან იყო სტუმრად, სვამდნენ. ჩემს შვილიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადრეც ჰქონია მასთან კონფლიქტი. დასცინოდა ხოლმე, აგდებულად ექცეოდა, და რომ წავიდა, ჩუმად გაჰყოლია“, – განაცხადა დაკავებულის ბებიამ.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, ჯემალ პაპუაშვილი გზაზე ტაქსის მძღოლმა იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო - „რუსთავი 2“.