თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კატეგორიაში ასპარეზობდა, მსროლელ კაკო მოსულიშვილთან წყვილში ISSF Grand Prix 2022 ტურნირზე გრანადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენები ფინალში დამარცხდნენ სერბეთის წყვილთან - ზორანა არუნოვიჩთან და დამირ მიკეცთან. სალუქვაძესა და მოსულიშვილს მოსაგებად მხოლოდ ერთი ქულა დააკლდათ.
ცხრა ოლიმპიური თამაშების მონაწილე, 53 წლის ნინო სალუქვაძე პნევმატური იარაღიდან სროლაში პირად ჩათვლაშიც მონაწილეობდა. ამ კატეგორიაში მან მე-12 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების სპორტსმენები ცოტნე მაჭავარიანი, ლევან ქადაგიძე და კაკო მოსულიშვილი პირად ჩათვლაში მედლების გარეშე დარჩნენ. საუკეთესო შედეგი მაჭავარიანმა აჩვენა – 199,4 ქულა და მეხუთე ადგილი.
გრან-პრის სტატუსის ტურნირი 29 მაისს დასრულდება.