მამაკაცმა თბილისის ცენტრში ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა: დაკავებულს ბრალი წარედგინა

მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტობუსის გაჩერებაზე დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 23 მაისს, ორშაბათს, დღის საათებში მამარდაშვილის ქუჩაზე მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მისი გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა