თბილისი, 23 მაისი – Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოდან შუახნის ქალი გადაიყვანეს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლის ჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის ქალმა ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოს მაღალი სიცხეებით მიმართა.
,,კლინიკაში შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი სიცხე. ჩატარებული ანალიზები იძლეოდა ეჭვის საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას, მით უფრო, რომ ქალს შეხება ჰქონდა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან. პაციენტის გადაყვანა მოხდა თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც მას დაუდასტურდა ყირიმ-კონგოს ცხელება“, – განაცხადა ხაშურის კლინიკის ხელმძღვანელმა ინგა მაისურაძემ.
ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
სიმპტომები ჩნდება უეცრად - ცხელება, მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი და რიგიდულობა, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება და ფოტოფობია (მგრძნობელობა სინათლის მიმართ). შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლისა და ყელის არეში, რასაც მოჰყვება განწყობის უეცარი ცვალებადობა და ცნობიერების დაბნეულობა.
ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნებადობა შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით და დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს მარჯვენა ზედა ნაწილში.
სხვა კლინიკური ნიშნებია ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა), ლიმფური კვანძების შეშუპება და გამონაყარი.
ჩვეულებრივ შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები და ავადმყოფობის მეხუთე დღის შემდეგ მძიმედ დაავადებულ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ თირკმლების ფუნქციის სწრაფი გაუარესება და ღვიძლის ან ფილტვის უეცარი უკმარისობა.