სკანდალი ქართულ ფეხბურთში: ორი კლუბი გარიგებული თამაშების გამო დაბალ ლიგაში დააქვეითეს

ქვეყნის ჩემპიონატის სხვადასხვა ტურში გამოვლენილი გარიგებული მატჩების შესახებ ანგარიში უეფამ მოამზადა.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბები ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 2-დან დაბალ ლიგაში დააქვეითეს, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

„შსს-სთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ინფორმაციას შსს-ს მივაწვდით. უნდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ჩვენს, ფეხბურთის ფედერაციის იურიდიულ ორგანოებს და იმ იურიდიულ ორგანოებს, რომლებსაც საფეხბურთო სასჯელის გამოტანა შეუძლიათ. გადაწყვეტილება უკვე მიიღეს“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

ამგვარად, მატჩების შედეგებთან დაკავშირებულ მანიპულაციებში ჩართულ პირებს შეიძლება სისხლის სამართლის სასჯელიც დაემუქროს.
მუჯირის სიტყვებით, ამ გუნდების საკითხი უეფადან გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებული ანგარიშის საფუძველზე განიხილეს.
უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა, სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის შედგენილ მოხსენებით ბარათს და მატჩების საეჭვო ეპიზოდების ვიდეოჩანაწერს.
კლუბების დასჯის გარდა, ორივე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს სხვადასხვა ვადით თამაში აუკრძალეს.