თბილისი, 23 მაისი – Sputnik. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის სანაცვლოდ დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე.
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტის კომიტეტმა განიხილა და მეორე მოსმენით მიიღო.
„განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული 2020 წლის 1 იანვრისა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მოსაკრებლის გადამხდელებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს მოქმედ კანონში არსებული განაწილვადების უფლებით, რათა 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უზრუნველეყოთ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება და არ გადაიხადეს მოსაკრებელი, რის გამოც მათ მიმართ დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობები და დაიწყო სამართალწარმოების პროცესები სასამართლოში.
„უნდა აღინიშნოს, რომ არსებული პანდემიური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მათ მიმართ მოსაკრებლის გადახდის განაწილვადება 2025 წლის 1 იანვრამდე მათთვის ერთგვარი ხელშეწყობა იქნება, რაც, თავის მხრივ, მშენებლობის გაჩერებულ პროცესებს გააუმჯობესებს, რამდენადაც მათ დროულ დასრულებას მოქალაქეები ელოდებიან“, – განაცხადა დავითულიანმა.
K2-ის მოსაკრებლის განწილვადების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის. როგორ ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ეს ეხება მშენებლობის 2019 წლამდე გაცემულ ნებართვებს, რომლებსაც შესყიდული აქვთ K2 კოეფიციენტი.
ეს კომპანიები მოსაკრებელს ვერ იხდიან, რის გამოც მშენებლობა შეჩერებულია. ამასთან ერთად კი კომპანიებს მუნიციპალიტეტის მილიონობით ლარის ვალი დაუგროვდათ.
საქართველოში არსებული პრაქტიკის თანახმად, სამშენებლო კომპანიას მერიაში შეეძლო К2 კოეფიციენტით პირველადი პროექტით განსაზღვრულზე უფრო მაღალი მშენებლობის ნებართვაც მიეღო. ამისთვის ინვესტორს ჩვეულებრივ ქალაქის ბიუჯეტში დიდი თანხების შეტანა უწევდა.
2019 წელს მერიამ დედაქალაქში სამშენებლო კოეფიციენტის მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვის პრაქტიკა აკრძალა.
К2 კოეფიციენტი ცალკეულ ზონებში, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე დასაშვები მშენებლობების ინტენსივობას განსაზღვრავს. კოეფიციენტი აჩვენებს – ტერიტორიაზე რა მოცულობის შენობის მშენებლობაა დასაშვები.
წყარო - საქართველოს პარლამენტი