თბილისი, 23 მაისი – Sputnik. მაიმუნის ყვავილის ინფექცია შედარებით მძიმედ მიმდინარეობს 12 წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და იმუნოსუპრესირებულ (მდგომარეობა, როდესაც სხეულს აქვს შემცირებული უნარი ადეკვატურად ებრძოლოს ინფექციებს) პირებში, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი. ინფექცია, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობას ის ადვილად გადააქვს რამდენიმე კვირაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მას გართულებებიც მოჰყვება.
ინფექციონისტი მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნული ინფექციისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ასახელებს.
ბუწაშვილის განცხადებით, მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გავრცელდა. ვირუსისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამჯერად შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაში, აშშ-სა და კანადაში და ისინი არ უკავშირდება აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. დღემდე 12 ქვეყანაში დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები:
ცხელება
შემცივნება
თავის და კუნთების ტკივილი
ლიმფური კვანძების გადიდება
ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის მჭიდრო კონტაქტის და სქესობრივი კავშირის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც). 1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.
დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. ადამიანებს შორის ინფიცირების პირველი შემთხვევა კონგოში 1970 წელს გამოვლინდა.
მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციაა, რომელიც უმეტესად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში ვრცელდებოდა. ამ დროისათვის კი ადამიანის მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები უკვე გამოვლინდა რიგ ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, ნიდერლანდში, შვეიცარიასა და ესპანეთში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის შემთხვევები არ უკავშირდება ენდემურ ადგილებში მოგზაურობას. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევები ძირითადად გამოვლინდა მამაკაცებში, რომლებსაც მამაკაცებთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ.