თბილისი, 23 მაისი – Sputnik. თბილისში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.
შემთხვევა ორშაბათს, დღის საათებში მამარდაშვილის ქუჩაზე მოხდა. ცნობილია, რომ მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტობუსის გაჩერებაზე დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა. თვითმხილველების თქმით, მკვლელობას მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო.
მასმედიის ცნობით, თავდამსხმელი რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მას ცოლის მიმართ ძალადობაში ედებოდა ბრალი. გარდა ამისა, მას ჰქონდა გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, რომელიც ყოფილ მეუღლესთან მიახლოებას უკრძალავდა.
დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
თავდამსხმელს ბრალად ედება „ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა“.
21 მაისს თბილისელები შოკში ჩააგდო ქმრის მიერ 30 წლის ცოლის მკვლელობამ, რაც ავტობუსში უამრავი ადამიანის თვალწინ მოხდა. როინ მებონიამ თავის ცოლს საკუთარი შვილებისა და მგზავრების თვალწინ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავად მებონია, სავარაუდოდ, ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა. ახლა მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
საზარელი მკვლელობის შემდეგ საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს იწვევს საზოგადოებისა და სახელმწიფოს გულგრილობა, არასწორი პოლიტიკა, რომელსაც არ ძალუძს ქალების სიცოცხლის დაცვა.