„არ მომიკლა დედა": თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობას რამდენიმე ქალაქში გამოეხმაურნენ

ზუგდიდის მკვიდრი სოფო კვარაცხელიას თბილისში ავტობუსში მგზავრობისას შვილების თვალწინ ქმარმა ყელი გამოჭრა
Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში ქალთა სიცოცხლის უფლების დასაცავად მდუმარე აქცია-პერფორმანსები გაიმართა.
შაბათს თბილისში მოხდა საზარელი მკვლელობა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ზუგდიდში აქციის მონაწილეებს შავი ფერის ტანსაცმელი ეცვათ და ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ წარწერებით - „არ მომიკლა დედა", „არ გაწირო, არ გაჩუმდე", „შენი სიჩუმე კლავს".
აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით გუშინ, თბილისში დღის საათებში ავტობუსში მომხდარი მეუღლის მიერ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გააპროტესტეს.
„ჩვენ დღეს გამოვედით, რომ გავაპროტესტოთ კიდევ ერთხელ ფემიციდის ეს შემთხვევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, არც საქართველოში და არც მსოფლიოში. გამოვდივართ ქალის სიცოცხლის ხელშეუხებლობის მხარდასაჭერად”, - განაცხადა ქალთა ასოციაცია „გვირილას" დამფუძნებელმა ეთო ალმასიამ.
გურამიშვილის გამზირზე 39 წლის მამაკაცმა როინ მებონიამ თავის 31 წლის მეუღლეს, სოფო კვარაცხელიას ჩხუბის შემდეგ ავტობუსში ყელი გამოჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მის ბავშვებს, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, შოკური მდგომარეობის გამო მედიკოსების დახმარება დასჭირდა.
გაირკვა ჩხუბის მიზეზიც - თვითმხილველების მტკიცებით, მამაკაცმა სმს-შეტყობინების გამო იეჭვიანა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ მამაკაცი ავტობუსიდან ჩავიდა და პოლიციას დაელოდა. ის ადგილზე დააკავეს.
დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. როინ მებონია უკვე მოინახულა ადვოკატმა, უფლებადამცველის თქმით, ის მომხდარის დეტალებს ვერ იხსენებს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულს ფსიქიური პრობლემები ჰქონდეს.
რაც შეეხება მოკლულ ქალს, მისი ცხედარი ზუგდიდში უკვე წაასვენეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.