საქართველოში ქურციკების პოპულაცია იზრდება

ქურციკების პოპულაციის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
Sputnik
თბილისი, 21 მაისი– Sputnik. ქურციკების ახალი თაობა დაიბადა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ვიდეოხაფანგები ჯერჯერობით ვერ აფიქსირებენ ახალ თაობას, რადგან ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ. თუმცა შორიდან მათი აღბეჭდვა მაინც მოხერხდა.
საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 1960 წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა.
ქურციკი
ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით 2013 წლიდან ხორციელდება.
პირველი თაობა – 10 ქურციკი აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და დაკვირვებას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს.
ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღებაში ამ ცხოველს განსაკუთრებული როლი აქვს.