საქართველოში აგროკრედიტების გაცემა გრძელდება

გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის ხარჯების დაფინანსებას.
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროქტის ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 59,9 მლნ ლარის 3.501 შეღავათიანი სესხია გაცემული, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტი ფინანსდება. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ია, საიდანაც წლიურ 9%-ს სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე კრედიტის ოდენობა 5-100 ათასი ლარის ფარგლებში განისაზღვრა.
გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენას, ასევე მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.
სესხით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდმეწარმეებს და იურიდიულ პირებს, გარდა სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოებისა.
საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში სესხების მიზანია ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად საბრუნავი საშუალებების ღირებულების შემცირება და ფერმერებისთვის უფრო ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის შესაძლებლობა.
წყარო - „შეღავათიანი აგროკრედიტი“