მედია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ თვითმკვლელობა სცადა

მისი მდგომარეობა მძიმეა, მწერალს სამედიცინო დახმარება უტარდება.
Sputnik
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, 38 წლის გიორგი კეკელიძე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ჟურნალისტები დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.
დღეს დილით კეკელიძის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლის ავტორი ახლობლებს ემშვიდობებოდა. მწერალი წერდა, რომ დიდი ხანია ებრძოდა დეპრესიას და აღარ სურდა სიცოცხლის გაგრძელება. ის ნაცნობებს და ახლობლებს დაემშვიდობა და პატიებას სთხოვდა.
„ჩემს სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის. მხოლოდ მე და ჩემს ობსესია-წარმოსახვებს“, - წერს კეკელიძე.
სულ რაღაც ერთ საათში ფეისბუქ-მომხმარებლებმა პოსტზე 6000-ზე მეტი კომენტარი დატოვეს. კეკელიძის ნაცნობებმა დაწერეს, რომ მასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს და ფაქტის შესახებ „112“-ის ცენტრს შეატყობინეს.
პეტრე კოლხის ინფორმაციით, ის მცხეთის კლინიკაშია გადაყვანილი, მდგომარეობა მძიმეა, მწერალს სამედიცინო დახმარება უტარდება.