თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტაილანდის მსოფლიო თასის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში ნახევარფინალში ანგარიშით 15:11 ბრიტანელი ჯემა კოლინზი დაამარცხა, ხოლო ფინალში პოლონელ კინგა დროჟის სძლია ანგარიშით 15:9 და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ირმა ხეცურიანმა გუშინ ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ნახევარფინალში გერმანელ სილვია ტაუბერს აჯობა ანგარიშით 15:12, ხოლო ფინალში მასპინძელ სანსუნ იანთან ანგარიშით 15:13 დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გამოსვლას ხვალ განაგრძობს.