თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ გაფართოება და მოდერნიზაცია და სანავიგაციო ბეჭდების დაწესება ხელს შეუწყობს სომხეთიდან საქონლის ტრანსპორტირების შემსუბუქებას. ამის შესახებ „Sputnik–სომხეთის“ საერთაშორისო მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მინისტრმა საბაჟო თანამშრომლობის საკითხებში მაქსატ მამიტკანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის პრობლემურია ის, რომ სატვირთო ავტომობილებს მესაზღვრეები ამოწმებენ სომხეთიდან საქართველოში შესვლისას და რუსეთის მხარეს გასვლისას, რაც დამატებით რიგებს ქმნის და არსებითად ანელებს ლოგისტიკას, იუწყება Sputnik–სომხეთი.
თუმცა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პირველ რიგში, „ზემო ლარსის“ გამტარუნარიანობის გაზრდის წყალობით დაჩქარდება საბაჟო შემოწმების გავლის პროცესი.
კიდევ ერთი ზომა, რომელიც სომხეთიდან ტრანზიტის გაზრდას შეუწყობს ხელს, სანავიგაციო ბეჭდების სისტემის შემოღებაა. შეთანხმებას ამის შესახებ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 2021 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. მისი რატიფიკაცია 2022 წლის ბოლომდე მოხდება.
„ფაქტობრივად სანავიგაციო ბეჭდების შექმნა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ტვირთებისთვის „მწვანე დერეფანს“ შექმნის. როცა პროექტი ამუშავდება, სატვირთო ავტოტრანსპორტი ელექტრონული ბეჭდით საბაჟო შემოწმებას ციფრული ვარიანტით გაივლის. საბაჟო პუნქტების მოდერნიზაცია ინფორმაციის უკონტაქტო გადაცემას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მამიტკანოვმა.
მინისტრის თქმით, ისინი ასევე ცდილობენ საქონლის ტრანზიტის რეალიზებას, რომელიც ჩინეთიდან ევროპის ან სხვა ბაზრებზე იქნება გადაადგილებული. „ჩვენი ევრაზიული სივრცე ამის ყველა საფუძველს გვაძლევს. არ უნდა გავუშვათ შანსი, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა მან.
შეთანხმების თანახმად, თითოეულ წევრ ქვეყანაში უნდა შეიქმნას ეროვნული ოპერატორი, რომელიც შეასრულებს ელექტრონული ბეჭდების გამოყენების ამოცანებს საქონლის გადაზიდვის კონტროლისთვის.
მინისტრის თქმით, ეკონომიკის სტაბილურობის ამაღლების ზომებზე ევრაზიის ფორუმზე იმსჯელებენ, რომელიც ბიშკეკში 26 მაისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოების ლიდერები.