თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველომ და სომხეთმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სომხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გევორქ მარტიროსიანმა მიიღო, იუწყება Sputnik–სომხეთი.
საქართველოს დელეგაციასა და სომხეთის მხარის მიერ განხილულ საკითხთა შორის იყო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების გეგმები, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ქცევის კოდექსის სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
ქართული დელეგაცია ერევანში ეწვია ვაზგენ სარქისიანის სახელობის სამხედრო ინსტიტუტს, გაეცნო პროგრამის „კარგი მართვა და ქცევის კოდექსის განმტკიცება“ დანერგვის პროცესს და მისი სწავლების მეთოდოლოგიას.