თბილისი, 20 მაისი – Sputnik. კიბერაგრესია რუსეთის წინააღმდეგ ჩაიშალა, მოსკოვი მზად იყო ამ შეტევებისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
„რუსეთის საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევების რაოდენობა ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. სწორედაც ბოლო წლებში. თუმცა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დონბასში, უკრაინაში ამ სფეროში გამოწვევებმა კიდევ უფრო მწვავე და სერიოზული, უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინა. რუსეთის წინააღმდეგ ნამდვილი აგრესიაა გაჩაღებული, ომი საინფორმაციო სივრცეში“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა დასძინა, რომ, პირველ რიგში, რამდენჯერმე გაიზარდა კიბერშეტევების, მათ შორის, კომპლექსური შეტევების რაოდენობა.
რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევები ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნიდან, ისინი აშკარად კოორდინირებულია.
„როგორც სპეციალისტები, ექსპერტები აღნიშნავენ, ცალ-ცალკე ჰაკერები ამას, რასაკვირველია, ვერ შეძლებენ. შეტევები ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინი აშკარად კოორდინირებულია. ეს სახელმწიფო სტრუქტურების ნამოქმედარია“, – აღნიშნა მან.
პუტინის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის არმიის შემადგენლობაში უკვე ოფიციალურად შედიან კიბერჯარები.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიბერშეტევებისას შეინიშნება მიზანმიმართული მცდელობა, მწყობრიდან გამოიყვანონ რუსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და ფინანსური დაწესებულებები, საგრძნობლად გახშირდა კომპანიების კორპორაციულ რესურსებში შეღწევის მცდელობები.
„დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ კიბერაგრესია ჩვენ წინააღმდეგ, ისევე, როგორც სანქცირებული შეტევა რუსეთზე, ჩაიშალა. მთლიანობაში, ჩვენ მზად ვიყავით ამ შეტევისთვის და ესაა სისტემური მუშაობის შედეგი, რომელიც ბოლო წლებში მიმდინარეობდა“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი სიტყვებით, რუსმა სპეციალისტებმა მოახერხეს არა მხოლოდ საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვა, არამედ საკუთარი ტექნოლოგიების შექმნაც.
„ჩვენი სპეციალისტები სერიოზულად მუშაობდნენ საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხებზე, ქსელებისა და კავშირგაბმულობის ხაზების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაზე და, გავიმეორებ, მოხერხდა ბევრი რამის გაკეთება, მათ შორის, საკუთარი უნიკალური ტექნოლოგიების შექმნა“, – აღნიშნა პუტინმა.
როგორც მან განაცხადა, საჭიროა სამამულო ციფრული სივრცის დაცვის განმტკიცება, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს სუსტი წერტილები და იქიდან არ უნდა გაედინებოდეს პერსონალური მონაცემები.