ლატვიელი ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აჭარაში მოგზაურობენ

ინფოტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია AIR BALTIC-ის ორგანიზებით იმართება.
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ლატვიის წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
ბალტისპირეთიდან აჭარას სტუმრობენ წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებიც, რომლებიც რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ.

„სტუმრები სასტუმრო და ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, რაც ბათუმის ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და რეგიონში ლატვიელი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. წელს პირველად ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო ლატვიის დედაქალაქიდან... სექტემბრის ბოლომდე ავიაკომპანია AIR BALTIC ფრენებს რიგა–ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ შეასრულებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმი-რიგის პირველი რეისი შესრულდა>>
უწყების ცნობით, რიგის გარდა, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები წელს ისევ შესრულდება ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, რაც ბალტისპირეთიდან რეგიონში ტურისტების შემოდინებას შეუწყობს ხელს.
ინფოტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია AIR BALTIC-ის ორგანიზებით იმართება.