თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის დეპუტატ ვიოლა ფონ კრამონს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობაში დასდო ბრალი.
კრამონი ევროპარლამენტის იმ ცხრა დეპუტატიდან ერთ-ერთია, რომლებმაც ხელი მოაწერეს კრიტიკულ განცხადებას ოპოზიციური „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით. გვარამიას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მაღალი თანამდებობები ეკავა, მათ შორის, იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი.
„მან ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ეს კაცი და ახლა „რუსთავი 2“ გაძარცვა. ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს იმიტომ, რომ არის კრიმინალების მფარველი“, – განაცხადა კობახიძემ.
ვიოლა ფონ კრამონი რომ სამართლიან შეფასებებს აკეთებდეს, ამგვარ განცხადებებს არ გამოთქვამდა, აღნიშნა კობახიძემ.
ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გვარამიას მიმართ „დაუსაბუთებელი განაჩენი“ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს მომავლისთვის, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებას მოითხოვს მასმედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ჩათვლით.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მიერ „დამაჯერებელი მტკიცებულებების“ გარეშე გამოტანილი ვერდიქტი „საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებაა“.
„სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს აყალიბენენ აქ „ნაცმოძრაობა“, იქ – ფონკრამონები, ფოტიგები და ა.შ... ზუსტად ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, რადგან ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის სამართლის უზენაესობა“, – განაცხადა კობახიძემ.
ვიოლა ფონ კრამონი მიკერძოებაში დაადანაშაულა ასევე საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
„როცა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არსებობს და შენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მოუწოდებ, დამნაშავეები არ დაისაჯონ, ეს პირდაპირ ძირს უთხრის ქვეყანაში სამართლიანობას. თუ ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენი მხრიდან იქნება კრიტიკა“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ბრალდებების ადრესატმა სოციალურ ქსელში მცირე კომენტარით უკვე მოახდინა რეაგირება.
„ვინ აღიქვამს მათ სერიოზულად? ამის ყურება სევდის მომგვრელია“, – დაწერა კრამონმა „ტვიტერში“.
ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.