თბილისი, 20 მაისი – Sputnik. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროული რეაგირების შედეგად კახეთის არცერთი მუნიციპალიტეტი არ დასეტყვილა, ნათქვამია სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის განცხადებაში.
„19 მაისს კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სამხრეთ-დასავლეთიდან შემოიჭრა ცივი ჰაერის მასები, რამაც გამოიწვია სეტყვასაშიში ღრუბლების წარმოქმნა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 33 მმ იყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტი მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოში 2015 წლის გაზაფხულიდან ფუნქციონირებს. პირველად იგი კახეთში დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და საწყის სტადიაზე მათი კონტროლი. კახეთის ყველა რაიონში საცეცხლე წერტილებია განლაგებული. განიხილება სისტემის დამონტაჟების შესაძლებლობა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.