თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სააკაშვილს მისჯილი აქვს სასჯელი, რომელიც უნდა მოიხადოს პატიმრობის პირობებში და ჩემთვის სულ ერთია ეს პატიმრობა იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში პენიტენციური სისტემის მიღმა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, 12 მაისს გადაიყვანეს. მანამდე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უტარდება სათანადო მკურნალობა და რომ იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გაგზავნა სამკურნალოდ.
„მთავარია, რომ პატიმრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე არის და მომავალშიც იყოს დაცული, მაგრამ მე არ წარმომიდგენია, რომ ის სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ამა თუ იმ მეთოდით – იქნება ეს შეწყალება თუ სხვა“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ხელისუფლება სააკაშვილს უნდა ეპყრობოდეს ისევე, როგორც სხვა პატიმრებს.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულმა სასჯელი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოიხადოს, რადგან არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას.
„მოდით, სხვა პატიმრებსაც ვკითხოთ – ენატრებათ თუ არა დედა ან შვილი, სტკივათ თუ არა რამე, ჰყავთ თუ არა უცხოეთში ნათესავი, რომელიც იტყვის - გამატანეთ, ვუმკურნალებ და გპირდებით, რომ უკან აღარ დაბრუნდება. ეს ხომ არასერიოზულია. საქართველოში რამდენიმე ათასი სხვა პატიმარია და შერჩევითი საუბარი ჩემთვის არაა მისაღები და არც სამართლიანი“, – განაცხადა წულუკიანმა.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრების შემდეგ გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად ამძიმებს თავის მდგომარეობას, რადგან უარს ამბობს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაზე.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილი ამჟამად კატაბოლურ მდგომარეობაშია. ცილოვანი შიმშილის ფონზე ექს-პრეზიდენტს კუნთოვანი მასა დაუქვეითდა და დასუსტდა. მიზეზი, ექიმების აზრით, შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.