„ვივამედის“ დირექტორი: მიხეილ სააკაშვილი სრულ ნდობას გვიცხადებს

მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის, ის ენდობა ექიმებს და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას მკურნალობისა თუ კვლევების ტაქტიკაზე, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, 12 მაისს გადაიყვანეს.
ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაში იმყოფება და მას კვლევები უტარდება.

„პაციენტთან ყოველთვის შეთანხმებული მაქვს ნებისმიერი კვლევა, რის ჩატარებასაც ვაპირებთ. ის გვაძლევს ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ კვლევის ჩატარება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება... გვიცხადებს სრულ ნდობას“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ნადირაძის თქმით, სააკაშვილის ნებართვის საფუძველზე კვლევის შედეგები უკვე გადაუგზავნეს სახალხო დამცველის აპარატს და მომავალშიც ამ პრინციპით იმოქმედებენ.
„მე პასუხს ვაგებ ჩემს კლინიკაზე. პაციენტი არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც მკურნალობის და არც კვლევების ტაქტიკაზე. შემდეგზე ვილაპარაკოთ შემდეგ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების შემდეგაც ექს-პრეზიდენტის დედა გიული ალასანია დაჟინებით მოითხოვს მისი შვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა „ვივამედში“ მკურნალობის უკეთესი პირობებია, ვიდრე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, მსჯავრდებულმა სასჯელი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოიხადოს. არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრების შემდეგ გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.