თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ოპოზიციური ტელეარხების ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.
ოპოზიციურმა ტელეარხებმა ოთხშაბათს გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანდა ვერტმფრენები გორის მახლობლად, და გამოთქვეს მოსაზრება, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა.
„მი-24“ და „იროკეზის“ ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, ისინი მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენები გადაადგილდნენ თბილისიდან ახალციხის მიმართულებით და ახლა, სწავლების დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან.
თავდაცვის უწყებამ მედიას მოუწოდა, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და „საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა“.
წყარო - თავდაცვის სამინისტრო