თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დღეიდან იწყება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ის სტუდენტები, რომელთაც განცხადების შეტანის მომენტისთვის თბილისში რეგისტრირებული არიან სულ მცირე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
სტუდენტებს სწავლა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) დაუფინანსდებათ.
დაფინანსების ოდენობა წლიურად არაუმეტეს 2.250 ლარით, ხოლო სემესტრულად არაუმეტეს 1.125 ლარით განისაზღვრა და დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე:
90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის 100% (1.125 ლარი); მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ზომიერად, მნიშვნელოვანად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა) სტუდენტებისთვის;
70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის 100% (1.125 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 70% (787,5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
70-ის ტოლი და ნაკლები ქულის შემთხვევაში - სემესტრული თანხის 70% (787,5 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 50% (562,5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: პირადი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან; ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
განცხადების მიღება თბილისის მერიის შენობაში (შარტავას ქ. N7) 2022 წლის 18 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში იწარმოებს. სტუდენტებს განცხადებების შეტანა ასევე შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობების სერვის-ცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.my.municipal.gov.ge.