თბილისი, 17 მაისი – Sputnik. კომპანია Credit Suisse-ის ქმედებები და ბენეფიციარებისთვის გადახდების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ბანკის პოლიტიკასა და ყველანაირი სტანდარტის დარღვევაზე მეტყველებს, განაცხადა ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა.
2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გადახდა, რაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულმა Green Vals Trust-მა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, 11 აპრილს კი ბენეფიციარებს თანხები უნდა მიეღოთ.
„ის ფაქტი, რომ გერნსში Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანიამ ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, ბანკის ქცევის მოდელზე მიუთითებს, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. უფრო მეტიც, ეს გვაფიქრებინებს, რომ Credit Suisse-ი ცდილობს, გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა როგორც საშუალება, რათა შელახოს ივანიშვილის რეპუტაცია და ზუსტად ასე უნდა იყოს ეს კვალიფიცირებული“, - განუცხადა ივანიშვილის პრეს-სპიკერმა სააგენტო Associated Press-ს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბენეფიციარებს „ექსტრაორდინარულად“ მიაჩნიათ ის, რომ Credit Suisse-ი განაგრძობს თავისი მოვალეობების შეუსრულებლობასა და კლიენტების უპატივცემულობას, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას.
„ეს კიდევ ერთი შეფერხება ყოველგვარი საფუძვლისა და დამაჯერებელი მიზეზების გარეშე არ წარმოადგენს გამონაკლისს Credit Suisse-ის ქცევის მოდელში და კლიენტის უფლებების დარღვევა ბანკის ერთადერთი შეცდომა არ არის“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი.
მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ივანიშვილი ფონდს ედავება იმაში, რომ ის არ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას - ბენეფიციარების ინტერესებში მართოს ტრასტის აქტივები.
ეს ივანიშვილის უკვე მეორე სარჩელია შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ. მარტში ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში მოიგო სარჩელი დაახლოებით 500 მლნ დოლარზე შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის წინააღმდეგ.
მოგებული საქმე
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა. საბოლოოდ ივანიშვილმა მარტში მოიგო სასამართლო პროცესი.
წყარო - Associated Press