თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს საგაზაფხულო ტურნირზე მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.
სამშაბათს ტოჩინოშინმა დასავლეთის მეთორმეტე მაეგაშირა სადანოუმი დოჰიოდან გაყვანით დაამარცხა.
ათი საშეჯიბრო დღის შემდეგ გორგაძეს ოთხი წაგება და ექვსი მოგება აქვს.
რეიტინგში პოზიციის გასაუმჯობესებლად ქართველმა სუმოისტმა უნდა დაამყაროს მინიმალური დადებითი ბალანსი – რვა გამარჯვება. ახლა ტოჩინოშინი დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს.
ხვალ ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეთხუთმეტე მაეგაშირას, გამოცდილ აზუმარიუს შეებრძოლება. ამ უკანასკნელს თანაბარი ბალანსი აქვს – ხუთი მოგება და ხუთი წაგება.
შეჯიბრების ლიდერები არიან დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა ტაკანოსიო და დასავლეთის მეთხუთმეტე მაეგაშირა იჩიამამოტო, თითოეულს რვა გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ნაცუ ბაშოს ტურნირი 22 მაისამდე გაგრძელდება.