რას აპირებენ ოპოზიციონერი ჟურნალისტები ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად

18 მაისს თბილისში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება
Sputnik
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეარხების წარმომადგენლები ოთხშაბათს, 18 მაისს ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქციას გამართავენ.
ორშაბათს გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

„გაგვიხარდება, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოუცხადებს სოლიდარობას ნიკა გვარამიას და მედიას. ეს არის მედიის აქცია და არა პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილი აქცია“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

როგორც იგეგმება, მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან და პარლამენტთან დასრულდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დღესვე ოთხი ძირითადი ოპოზიციური ტელეარხის - „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ - ხელმძღვანელობის და არასამთავრობო ორგანიზაციების და რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადება, სადაც მედიებმა მოუწოდეს დასავლელ პარტნიორებს, მხარი დაუჭირონ მათ და ნიკა გვარამიას, რადგან „ეს არის მთლიანად ქართული მედიისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის საქმე“.