თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ქართული ღვინო მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში Prowein Dusseldorf, რომელიც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში 15-17 მაისს იმართება, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
Prowein Dusseldorf — ეს არის გამოფენა, რომელიც ღვინის პროფესიონალების კომუნიკაციისთვის საუკეთესო გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. პირველად გამოფენა 1994 წელს გაიმართა.
„თავდაპირველად საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესი მზარდია, შესაბამისად, მზარდია მონაწილე კომპანიების რაოდენობაც“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო Prowein Dusseldorf-ის გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ორგანიზებით წელს გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობს.
ასოციაცია „ქართული ღვინო“ 2010 წელს დაარსდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო, პროფესიულ საზოგადოებებში.
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ყოველწლიურად მუშაობს ქართული ღვინოების ინტეგრაციაზე ღვინის სამყაროს ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებთან, როგორებიცაა Prowein Dusseldorf, Vinexpo Bordeaux და სხვ.