თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ნიკა გვარამიას სასჯელი მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო შეეფარდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიკული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.
ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
„კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და მათ კანონის შესაბამისად შეეფარდათ სასჯელი სასამართლოს მხრიდან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გვარამიაც და დამენიაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან და ამჟამად ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებენ, არ იძლევა საფუძველს, მედიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების ფაქტს პოლიტიკური განცხადებით გამოვეხმაუროთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ გამოხმაურებებს, რომლებიც გვარამიას დაკავების შემდეგ გაკეთდა, „ისტერიული კამპანია" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები „ერთმნიშვნელოვნად მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად უნდა შეფასდეს".
მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს უკვე ოპოზიციის რიგებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სატელიტ მედიასაშუალებებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებენ იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები თუ ლობისტები უტიფრად და ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა. საზოგადოება დღესაც ანალოგიური უტიფარი და ურცხვი კამპანიის მომსწრეა“, – განაცხადა კობახიძემ.
საქმის დეტალები
პროკურატურის მასალების თანახმად, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო.
სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა.
იმ წელს „რუსთავი2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა.
2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გვარამია „ინტერ მედია პლუსისგან“ ითხოვდა სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის 90-95%-ს, ხოლო მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს არხის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა პრეტენზია არხის დაბრუნებაზე, „ინტერ მედია პლუსისგან“ დაიწყეს მხოლოდ მინიმალური თანხის მოთხოვნა, რაც „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის იყო აუცილებელი.
შედეგად – 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა 6.763.509 ლარით ნაკლები, ვიდრე ერთი წლით ადრე. ამ ეპიზოდზე სასჯელის სახით სასამართლომ გვარამიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
გვარამიას პატიმრობა შეეფარდა საქმის მეორე ეპიზოდზე. საუბარია ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე. პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს ცენტრის“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყველაზე მკაცრი სასჯელი ფარავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს, შესაბამისად, გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.