გლდანის ციხეში ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

ვიზიტის წინასწარ ელექტრონულად დაჯავშნის სერვისი ნებაყოფლობითია, რომლის პარალელურად იმოქმედებს არსებული სტანდარტული პროცედურაც.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ინოვაციური, ელექტრონული პორტალი შექმნა.
ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრონული პორტალი საპილოტო რეჟიმში პირველ ეტაპზე მხოლოდ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ბარიერს მიღმა შეხვედრის დაჯავშნის მიზნით ამოქმედდა.

„ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვიზიტის წინასწარ ელექტრონულად დაჯავშნის სერვისი ნებაყოფლობითია, რომლის პარალელურად იმოქმედებს არსებული სტანდარტული პროცედურაც.
როგორც ადვოკატთა ასოციაციაში განმარტეს, აღნიშნული პორტალის ეფექტიანად გამოყენება განტვირთავს ე.წ. ცოცხალ რიგს, „რაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალი წელია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს“.
ელექტრონული ჯავშნის ინოვაციური პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.