თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიკურ პროცესებზე არ არის დამოკიდებული, განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.
„საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის ცალსახად დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან. შესაბამისად, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციასა და იმიჯს, ის უნდა იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
„ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს, რომ კანონის უზენაესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მმართველი პარტიისთვის გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება მიუღებელია.
„პოლიტიკური განცხადებები და ემოციები უსაფუძვლოა... საუბარი ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ეს პოლიტიკურად სენსიტიური საქმეა, რადგან გვარამიას საქმიანობა თავისი შინაარსით უკვე დიდი ხანია არის არა ჟურნალისტიკა, არამედ პოლიტიკური აქტივობა – ეს ფაქტია, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
„შესაბამისად, ეს პოლიტიკურ სენსიტიურობას განაპირობებს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მოცემულ სიტუაციაში ვინმეს შეუძლია ხელაღებით ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ოპოზიციის რეაქცია
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა, მაგრამ, მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს.
„წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში იყო ობიექტურად განწყობილი მოქალაქე და აფასებდე მომხდარს – როგორც სამართლიანს. რეალობა არის მძიმე, ტყუილი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად იქნება მოძებნილი – ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან", – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili
მოულოდნელი აღმოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტის ექს-სპიკერისთვის, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერისთვის ნინო ბურჯანაძისთვის.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ ვბრუნდებით არა ევროკავშირში, არამედ საბჭოთა კავშირში... ჩვენ ავტოკრატიისკენ კი არ მივდივართ, უკვე ვცხოვრობთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.
მისი თქმით, ის, თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, საზოგადოებისა და ოპოზიციის რეაქციაზეა დამოკიდებული.
„არ იქნება ცუდი, თუ გაიღვიძებენ და ერთობლივ ზომებს მიიღებენ“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე
© photo: Sputnik / Stringer
ნიკა გვარამიას დაპატიმრება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, მიაჩნია პარლამენტის კიდევ ერთ ყოფილ სპიკერს, ოპოზიციონერ დეპუტატ დავით ბაქრაძეს.
პოლიტიკოსის აზრით, ახლა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა სასწრაფო ამოცანაა და ამ საქმეში უდიდესი როლი და პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკისრია.
„მან პრაქტიკულად საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა აჩვენოს, მხარს უჭერს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მზად არის თუ არა მოაშოროს ქვეყანას ის პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ შეუქმნა ნიკა გვარამიას დაპატიმრებით. ამიტომ დღეს პასუხისმგებლობა არის სალომე ზურაბიშვილზე და იმედი მაქვს, ის იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა ევროპული მომავლისთვის და არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გეგმებისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.
გვარამიას საქმე და მისი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მიაჩნია ოპოზიციონერ დეპუტატს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს.
„ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, ამაზე თანხმდება არა მხოლოდ ქვეყანა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც. ნიკა გვარამიას დაკავება არის პოლიტიკური მართლმსაჯულება“, – განაცხადა სამნიძემ.
გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო ბრალდებები აბსურდულია, მიაჩნია ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს.
გიორგი ვაშაძე
© photo: Sputnik / Stringer
„დარწმუნებული ვარ, მალე პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი და საქართველო დაუბრუნდება დასავლური განვითარების გზას. დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს, საქართველოში არის ფეიკ-დემოკრატია, ყველაფერი იმ პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა მან.
გვარამიას დაპატიმრების მიზეზია არა „რუსთავი2“-ის სახსრების გაფლანგვა და არა ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა პირადი სარგებლობისთვის, არამედ პოლიტიკური ბრძოლა, მიაჩნია ოპოზიციონერ დეპუტატს „გირჩიდან“ იაგო ხვიჩიას.
„ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ერთმანეთის ციხეში ჩასმა, ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა და ასევე მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა არის „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა“, – ამტკიცებს ხვიჩია.
იაგო ხვიჩია
© courtesy of Iago Khvichia
გვარამია 2019 წლის ივლისამდე იმ დროს ოპოზიციური „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი იყო. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ის იყო იუსტიციის მინისტრი, ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იცავდა სააკაშვილის ინტერესებს სასამართლოში.
საქმის დეტალები
ბრალდების მხარის მასალების მიხედვით, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო.
სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა.
2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გვარამია „ინტერ მედია პლუსისგან“ ითხოვდა სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის 90-95%-ს, ხოლო მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს არხის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა პრეტენზია არხის დაბრუნებაზე, „ინტერ მედია პლუსისგან“ დაიწყეს მხოლოდ მინიმალური თანხის მოთხოვნა, რაც „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის იყო აუცილებელი.
შედეგად – 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა 6.763.509 ლარით ნაკლები, ვიდრე ერთი წლით ადრე. ამ ეპიზოდზე სასჯელის სახით სასამართლომ გვარამიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა.
პატიმრობა გვარამიას ბრალდების მეორე ეპიზოდზე მიუსაჯეს. საქმე ეხება ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას. პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს ცენტრის“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყველაზე მკაცრი სასჯელი ფარავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს, შესაბამისად, გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.